logo

ბაქოს აგრო მოლის გახსნას დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდა

ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წევრ კომპანიებს სთავაზობს პროდუქტის ექსპორტში ხელშეწყობას აზერბაიჯანის ბაზარზე.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პეზიდენტი დანიელ გახარია იმყოფებოდა ბაქოში, „აგრო მოლის“ გახსნაზე, რომელიც წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქტების თანამედროვე სავაჭრო ცენტრს. დანიელ გახარიას ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ბაქოს აგრო მოლში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის გამოიყოფა სივრცე, სადაც მწარმოებლებს მიეცემათ საშუალება განათავსონ პროდუქტი როგორც საგამოფენო, ისე საცალო და საბითუმო ვაჭრობის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ „აგრო მოლი“ ბაქოში განხორციელებული ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც აზერბაიჯანის ეროვნული ფონდიდან დაფინანსდა. აგრო მოლების მოწყობა აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქში იგეგმება და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და მისი წევრი კომპანიებისთვის სივრცე ყველა მათგანში იქნება განკუთვნილი.

დანიელ გახარიამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა არაერთი ქვეყნის წარმომადგენელთან საქართველოში წარმოებული პროდუქტის საექსპორტო არეალის გაზრდის მიზნით.

უახლოეს პერიოდში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია საქმიანი ვიზიტით კვლავ გაემგზავრება ბაქოში და წარადგენს რამდენიმე ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქტს „აგრო მოლში“. ასოციაცია კომპანიებს სთავაზობს ამ შესაძლებლობის გამოყენებას, რომლებმაც დაინტერესების შემთხვევაში უნდა მიმართონ ასოციაციის ოფისს.

ფოტო გალერია