logo

ბელორუსიის ელჩი დამსაქმებელთა ასოციაციას ეწვია

25 ოქტომბერს, ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“ გაიმართა შეხვედრა ასოციაციის მმართველ გუნდსა და საქართველოში ბელორუსიის ელჩ მიხეილ მიატლიკოვს შორის.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს და ბელორუსიას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. შეხვედრაზე ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. კერძოდ კი, დაიგეგმა შემდეგი აქტივობები. უახლოეს მომავალში დამსაქმებელთა ასოციაციისა და ბელორუსიის საელჩოს ორგანიზებით დაიწყება ბიზნეს დელეგაციების ვიზიტი ორივე მიმართულებით.

გარდა ამისა, ინფორმაციის გაცვლისა და საქმიანი ურთიერთობების გაძლიერების მიზნით დაიგეგმა სისტემატური სამუშაო შეხვედრების ორგანიზება საელჩოსა და ასოციაციას შორის, რომელში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ ასოციაციის წევრ კომპანიებს. მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრებში ჩართულობა საქმიანობის არეალის გაფართოებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბიზნეს სექტორისთვის.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ბელორუსიის ბიზნეს საბჭოს შექმნის იდეა, რომლის განხორციელებაზე მუშაობა ახლო მომავალში დაიწყება.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც საელჩოებთან, ისე საერთაშორისო ბიზნეს გაერთიანებებთან, რათა წევრ კომპანიებს შესთავაზოს ბიზნესის გაფართოების არაერთი საშუალება.

ფოტო გალერია