logo

"ბიზნეს სახლის" გახსნა

2016 წლის 25 ივლისს გაიმართა „ბიზნეს სახლის" პროექტის პრეზენტაცია და კაფსულის ჩადების ცერემონია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს გაერთიანება GEA-ს პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა დანიელ გახარიამ.

ღონისძიებას, რომელიც გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე ესწრებოდნენ პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეულმა სტუმრები, მათ შორის - საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

„ბიზნეს სახლი" წარმოადგენს სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას, რაც გულისხმობს როგორც ფიზიკური, ისე ელექტრონული სივრცის განვითარებას, სადაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში - როგორც ერთ შენობაში, ასევე ერთ ელექტრონულ პორტალზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღონ 600-ზე მეტი სერვისი, რომელიც ამ ეტაპზე 60-ზე მეტი საჯარო სტრუქტურის მიერ მიეწოდებათ.

სახელმწიფო სერვისების ერთიან სივრცეში მიწოდება მთავრობის უმნიშვნელოვანესი რეფორმების ნაწილია და გულისხმობს მთლიანად სახელმწიფო სისტემის გარდაქმნას.