logo

ბიზნესის მართვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ სატრენინგო პროგრამას ILO საქართველოშიც განახორციელებს

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნესის მართვის სატრენინგო პროგრამის „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ გახორციელება დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს მცირე მეწარმეებს იდეების გენერირების, ბიზნესის დაწყების, განვითარებისა და გაფართოებისთვის შესაბამისი უნარების განვითარებაში. ხოლო პროგრამის გახორციელებაში ILO-ს ერთ-ერთ ლიდერ პარტნიორს ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წარმოადგენს.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში ILO-ს წარმომადგენლებს, პარტნიორებსა და ბენეფიციარებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ თორნიკე სულაბერიძემ და ILO-ს უფროსმა ტექნიკურმა მრჩეველმა კინან ბაჰნასსიმ გახსნეს.
"ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მრავალი წელია, ერთობლივად ახორციელებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება აღნიშნული პროგრამის „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ წარმატებით გახორციელებას, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორი მთავარი მიზნით. ერთი მხრივ, პროექტი ჩვენს ბიზნეს გაერთიანებას შესაძლებლობების ზრდას და მართვის ინსტრუმენტების უნიკალურ პაკეტს გვთავაზობს. მეორე მხრივ, პროგრამა თავისი შინაარსით უზრუნველყოფს, რომ ასოციაციის წევრმა მიკრო და მცირე ზომის დამწყებმა მეწარმეებმა გაიუმჯობესონ ბიზნესის მართვის უნარ-ჩვევები“, - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის მიზნების, შინაარსის, გახორციელების ეტაპებისა და შედეგების შესახებ იმსჯელეს.