logo

ბიზნესომბუდსმენი დამსაქმებელთა ასოციაციისა და მწარმოებელთა ფედერაციის წევრების შეხვდა

         ბიზნესომბუდსმენი დაუშვილი      

22 ნოემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის წევრებსა და ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

             შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ბიზნესომბუდსმენს უშუალოდ მეწარმეებისგან მოესმინა როგორც ინდივიდუალური, ისე სექტორებში არსებული პრობლემური საკითხები და დაესახათ სამომავლოდ თანამშრომლობის პერსპექტივები.

             ომბუდსმენმა ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობის შესახებ განაცხადა და საკუთარი ხედვები წარადგინა შეხვედრაზე გაჟღერებული კონკრეტულ პრობლემების გადაწყვეტის შესახებ. ძირითადი აქტუალური პრობლემები, რომელთა შესახებაც ბიზნესმენებმა ისაუბრეს შეეხებოდა ადგილობრივ წარმოებაში არსებულ გამოწვევებს, იმპორტ-ექსპორტის საკითხებს, სურსათის უვნებლობას, ეკონომიკურ თავისუფლებას და სხვ.

             „საქართველოში ყველაზე მეტი პრობლემა მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს და სწორედ მათ სჭირდებათ ისეთი ინსტიტუტის მხარდაჭერა, როგორიცაა ბიზნესომბუდსმენის აპარატი. შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ ბიზნესომბუდსმენი დაინტერესებულია მათთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს და ამისი ნათელი მაგალითია ეს შეხვედრაც. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შორის ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული იქნება,“- საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

             შეხვედრა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მას 50-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.