logo

დამსაქმებელთა ასოციაცია საქართველო-ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას უარყოფს

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ევრაზიული კავშირის ორგანიზებით 19 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი ფორუმის ორგანიზებაში მის მონაწილეობას ეხება.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არავითარი კავშირი არ აქვს დაგეგმილ ფორუმთან და მეტიც, მის შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყვეს.

დამსაქმებელთა ასოციაციის ფორუმის ორგანიზატორობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზეზების შესახებ მიმდინარეობს მოკვლევა. ამ ეტაპზე დამსაქმებელთა ასოციაციამ უკვე მიმართა სომხეთის სავაჭრო პალატას, რომ გავრცელებული რელიზიდან, დღის წესრიგიდან და სხვა მასალებიდან ამოიღონ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ლოგო.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და სომხეთის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულია რამდენიმე ბიზნეს ფორუმი, რომელიც ქვეყნებს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაძლიერებას ემსახურებოდა. რაც შეეხება, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს მასთან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს არასდროს არც ჰქონიათ წერილობითი, ან ზეპირი კომუნიკაცია.