logo

დამსაქმებელთა ასოციაციამ ქუთაისში ბიზნეს სექტორთან შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელა

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ ქუთაისში სასტუმრო „ბესთ უესტერნ ქუთაისში“ შრომის უსაფრთხოების კანონის ახალი მოთხონების შესახებ ბიზნეს სექტორთან  საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც ასოციაციის აღასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე უძღვებოდა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა კერძო სექტორისთვის შრომის უსაფრთხოების სფეროში იმ ახალი გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რომლის წინაშეც ბიზნეს ოპერატორები 2019 წლის 1 სექტემბრიდან აღმოჩნდნენ. კერძოდ, შეხვედრაზე განიხილეს კომპანიებისთვის ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხები, როგორებიცაა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნები დაზღვევის, პასუხიმგებელი მხარეების, რისკების შეფასების კრიტერიუმების, მონიტორინგის პროცესის, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის, სანქციების და აღსრულების მექანიზმების შესახებ.  

„განსაკუთრებით დაბალია რეგიონებში შრომის უსაფრთხოების კანონის ახალი მოთხოვნების შესახებ ცნობიერება. ქუთაისი ეკონომიკურად საკმაოდ აქტიური ქალაქი, ამიტომ მსგავსი სახის შეხვედრების ორგანიზება აუცილებელია, რათა გავუწიოთ შესაბამისი კვალიფიციური კონსულტაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, შეხვედრაზე ვისაუბრებთ შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნების შესახებ, ასევე გაეცნობიან, თუ რა ცვლილებები უნდა განახორციელონ სამუშაო ადგილებზე კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რათა თავიდან აირიდონ ის ფინანსური სანქციები და საქმიანობის აკრძალვის რისკებიც კი,  რაც გათვალისწინებულია კანონის მიხედვით,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

შეხვედრას 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო კითხვებზე კომპეტენტური პასუხები მიეღოთ.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ შეხვედრებს უახლოეს მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებშიც გამართავს.