logo

დამსაქმებელთა ასოციაციამ შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი შექმნა, რომელიც მთავრობას, პროფკავშირებს და ბიზნეს სექტორს წარუდგინა

ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით (ILO) საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „გამოწვევები, შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთვის,” სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დახმარებით შეიმუშავა და გამოხატავს დამსაქმებელთა ასოციაციის ხედვებსა და რეკომენდაციებს შრომის უსაფრთხოების სფეროსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.

 „ვისურვებდით, რომ სახელმწიფომ სამომავლოდ შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები და მოლოდინები, რომლებიც ასახულია დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში და რომელიც დღეს წარვუდგინეთ სოციალურ პარტნიორებს, რათა ბიზნეს სექტორისთვის მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს საკმაოდ მკაცრ საკანონმდებლო მოთხოვნებზე ეკონომიკური საქმიანობის მორგება. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების სფეროში ამ ეტაპზე არსებულ გამოწვევებს, პირველ რიგში ეს არის ცოდნა, კვალიფიკაცია აღნიშნულ სფეროში. როდესაც კომპანიას კანონი სთხოვს, რომ სამუშაო გარემო მოარგოს შრომის უსაფრთხოების ნორმებს, მას უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომელი ორგანიზაციის შიგნით, ან მოიძიოს გარე მომსახურება.  ორივე მიმართულებით უჭირთ კომპანიებს კვალიფიციური მომსახურების მიღება, რადგან სფერო ახალია და შრომის ბაზარზე რთულია შესაბამისი ცოდნით შეიარაღებული კადრების მოძიება,“- საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყო ბიზნეს სექტორი, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

კონფერენციას ესწრებოდნენ წარმომადგენლები სამინისტროებიდან და სხვა სამთავრობო უწყებებიდან, ბიზნეს სექტორი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ასევე,  მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან (ILO), დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციიდან (IOE), ბიზნეს ევროპიდან (BUSINESS EUROPE) და ა.შ.