logo

დამსაქმებელთა ასოციაციაში საპენსიო რეფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

           

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ კერძო სექტორის მოთხოვნის საფუძველზე საპენსიო რეფორმის შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. შეხვედრაზე განხილული საკითხი კერძო სექტორისთვის განსაკუთრებით აქტუალურია იმდენად, რამდენადაც 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტი ვალდებული იქნება ჩაერთოს დაგროვებითი პენსიის სისტემაში.

       შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი შალვა ცხაკაია უძღვებოდა, განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა, ახალი საპენსიო სისტემის პრინციპები, დაგროვების წესი, საპენსიო სააგენტოს ფუნქციები და საპენსიო რეფორმის გავლენა ბიზნესზე.

        „ჩვენ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აქტიურად ვიყავით ჩართული კანონპროექტის განხილვის ეტაპზე. ვთვლიდით, რომ ეს იყო ზედმეტი ტვირთი ბიზნესისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არის გაზრდილი გადასახადი თითოეული ჩვენგანისთვის. ახლაც გვაქვს იგივე შენიშვნები, კანონის განხილვების დროს გვქონდა, თუმცა  კანონი უკვე ძალაშია და 1 იანვრიდან მოგვიწევს მისი იმპლემენტაცია და არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მოვემზადოთ აღნიშნული გაზრდილი ტვირთისთვის“ - აცხადებს შალვა ცხაკაია.

      შეხვედრას 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა და მათ საშუალება ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოთ პასუხები თემასთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო საკითხებზე. გარდა ამისა, შეხვედრაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ  ძირითადი პრობლემური საკითხების შესახებ, რაც შეიძლება თან ახლდეს აღნიშნული რეფორმის ამოქმედებას.

        საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ითვალისწინებს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორის ინფორმირების ნაკლებობის პრობლემას და მსგავსი შეხვედრების ფორმატში სისტემატურად მიაწვდის კომპეტენტურ ინფორმაციას წევრ კომპანიებს.

         შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.