logo

დუალური პროფესიული სწავლების „მულტიპლიკატორები“გერმანიაში გადამზადდებიან

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით ახორციელებს, დაიწყო პროფესიულ სასწავლებლებსა და საწარმოებს შორის შუამავალი კადრების  ე.წ მულტიპლიკატორების გადამზადების საპილოტე პროექტი.

მულტიპლიკატორი არის სამუშაო ადგილზე ის რგოლი, რომელიც პასუხისმგებელია საწარმოებში დუალური განათლების მოდელის დანერგვასა და ორგანიზებაზე.

საქართველოში პროფესიული დუალური სწავლების მოდელის დანერგვა ნელ-ნელა იკიდებს ფეხს, ამიტომ ამ ეტაპზე ადგილობრივი კოლეჯებისა და საწარმოების წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების მიღება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიებისა და პროფესიული სასწავლებლების 20 წარმომადგენელი გაემგზავრა გერმანიაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი 2 კვირიანი სწავლებისთვის.

 პროგრამა, რომლის მიხედვითაც მულტიპლიკატორები გაივლიან სწავლებას, მიზნად ისახავს სასწავლებლებსა და სამუშაო ადგილზე პრაქტიკული სწავლების განხორციელების შესახებ გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობითი სწავლების იდეის გაძლიერებას. სასწავლო პროცესები წარიმართება და მონაწილეები გაიზიარებენ ისეთი დაწესებულებების გამოცდილებას, როგორებიცაა მეკლენბურგ - ვორპომერნის ეკონომიკის საგანმანათლებლო   ცენტრი, ლაიფციგის განათლებისა და ტექნოლოგიის ცენტრი (BTZ), როსტოკის განათლებისა და გადამზადების ცენტრი (AFZ), როსტოკის ვერფი - გემთსაშენი.

 აღსანიშნავია, პროექტში აქტიურადაა ჩართული საქართველოს რეგიონები და ამჟამად გერმანიაში თბილისის, ხონისა და გორის სასწავლო დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები იმყოფებიან.