logo

ევროპის ბიზნეს ასოციაცია პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტს შემოუერთდა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტს ევროპის ბიზნეს ასოციაცია (EBA) სოციალური პარტნიორის სახით შემოუერთდა.

დღეს გამართული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ევროპის ბიზნეს ასოციაცია, მწარმოებელთა ფედერაცია, კერძო კოლეჯების ასოციაცია, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება და საქართველოს პროფკავშირები, მიზნად ისახავდა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიზნებისა და ევროპის ბიზნეს ასოციაციის ინტერესების შესახებ ინფორმაციის გაცვლას სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების გახორციელებისათვის.

 „მოხარული ვართ, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით მიმდინარე პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტით ევროპის ბიზნეს ასოციაცია დაინტერესდა. ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია ევროპულ კომპანიებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობა გავაძლიეროთ იმ მიზნით, რომ ვუპასუხოთ იმ გამოწვევას, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური რესურსების დეფიციტს შეეხება,“ - აცხადებს პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ეროვნული კოორდინატორი ელლენე მახარაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია SME სექტორისთვის განათლებისა და დასაქმების სფეროში მხარეების ერთიანი და კონკრეტული სერვისების კოორდინირებული მიწოდების შესახებ ურთიერთთანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში უკვე თანამშრომლობენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია , საქართველოს პროფკავშრები , მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ პროექტი დაფინანსებულია გერმანიის მთავრობის მიერ - BMZ და 2016 წლიდან ხორციელდება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და BWMV e.V-ს პარტნიორობით.