logo

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელს შეხვდნენ

ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორს მიხეილ ხიდურელს შეხვდნენ.

გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი და ბიზნესომბუდსმენი ესწრებოდა, გაჟღერდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ დაგეგმილი ის სიახლეები, რომელთა გათვალისწინებაც მოუწევთ კომპანიებს, რომლებიც ბიზნეს პროექტების წარდგენას გეგმავენ. ასევე, მეწარმეებს წარედგინათ ახალი საგრანტო პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ამასთან, შეხვედრაზე ბიზნეს სექტორმა ჩაიბარა ანგარიში სააგენტოს მიერ გახორციელებული პროექტებისა და მიღებული შედეგების შესახებ სოფლის მეურნეობის,  სასტუმრო ინდუსტრიისა, კინოწარმოებისა და მიკრო წარმოების სფეროებში.
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სისტემატურად ჰქონდეთ კომუნიკაცია სამთავრობო სტრუქტურებთან, რათა გაეცნონ მათ მიერ დაგეგმილ სიახლეებს. მსგავსი ტიპის შეხვედრებზე მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ  პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან და ისაუბრონ ყველა იმ პრობლემატურ საკითხზე, რომელიც პროგრამების ეფექტურად გახორციელებას ეხება. ჩვენი მიზანია, მეწარმეებმა მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ის საგრანტო რესურსი, რომელსაც მსგავსი ტიპის პროგრამები ითვალისწინებს,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დათმო დისკუსიას, რომლის  ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს კომპეტენტური პასუხები მათთვის საინტერესო  საკითხებზე.
შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.