logo

ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო და ხელოსანთა პალატის ოფიციალური ვიზიტი თბილისში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და ვილნიუსის სავაჭრო სამრეწველო და ხელოსანთა პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი საქართველო-ლიეტუვას შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი დაესწრო და აღნიშნა, რომ კმაყოფილია ქვეყნებს შორის ბიზნეს კავშირების გაღრმავების ამგვარი დასაწყისით. „მოხარული ვარ, რომ ლიეტუვა თავის გამოცდილებას გაუზიარებს საქართველოს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების კუთხით. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან და სხვა ბიზნეს წრეებთან ერთობლივ ღონისძიებებს განვახორციელებთ, რაც თავისთავად გაზრდის ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს,“ - განაცხადა ელჩმა.

მხარეების შეფასებით ქვეყნებს შორის სავაჭრო ბალანსი დამაკმაყოფილებელი არ არის და უკეთესი შედეგების მისაღწევად ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება იგეგმება. „ჩვენ შევქმნით ე.წ ბიზნეს ხიდს ლიეტუველ და ქართველ მეწარმეებს შორის და გავიზიარებთ იმ გამოცდილებას რაც ამ ქვეყანამ გაიარა ევროკავშირთან ასოცირების პერიოდში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევეცდებით ლიეტუველი ინვესტორები დავაინტერესოთ იმ ბიზნეს-საინვესტიციო კლიმატით, რაც ჩვენს ქვეყანაი არსებობს“ - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.

ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო და ხელოსანთა პალატის ოფიციალური დელეგაცია პრეზიდენტ სიგიტას ლონავიჩუსის ხელმძღვანელობით 5-დღიანი საქმმიანი ვიზიტით იმყოფება საქართველოში და მას დამსაქმებელთა ასოციაცია მასპინძლობს.