Home » სიახლეები » შეხვედრა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალთან დაკავშირებით

შეხვედრა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალთან დაკავშირებით

შრომითი ურთიერთობები

3 თებერვალს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ბიზნეს სექტორის, სამთავრობო უწყებებისა და პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალთან დაკავშირებით.

2022 წლის 26 დეკემბერს დამტკიცდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი, რომლის ფარგლებშიც, დადგენილებით დამტკიცებული დარგების იმ საწარმოებზე, სადაც წარმოების შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, შრომის კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით ვრცელდება კვირის ნორმირებული სამუშაო საათების განსხვავებული რეჟიმი კერძოდ, აღნიშნული დარგების საწარმოებისთვის კვირის ნორმირებულ სამუშაო დროდ დადგენილია 48 საათი და არა კვირაში 40 საათი.

გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, ბიზნეომბუდსმენი ოთარ დანელია, მთავარი შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პერტიაშვილი და ბიზნეს სექტორი.

შეხვედრის ფარგლებში ბიზნეს სექტორმა მიიღო ინფორმაცია დადგენილებით დამტკიცებული დარგების განსაზღვრის პროცესების, საშეღავათო პერიოდების და აღსრულების მექანიზმებისა და თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხების შესახებ.