Home » სიახლეები » შრომის კოდექსის აღსრულებაში არსებული გამოწვევების შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიულმა კომიტეტმა იმსჯელა

შრომის კოდექსის აღსრულებაში არსებული გამოწვევების შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიულმა კომიტეტმა იმსჯელა

შრომითი ურთიერთობა

19 მაისს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალი შრომის კოდექსის აღსრულებასთან დაკავშირებული ისეთი აქტუალური საკითხებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა, როგორებიცაა:

  • დასაქმებულთა ნამუშევარი დროის აღრიცხვა;
  • 48 საათიანი სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოს სტატუსი;
  • მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულთა დამატებითი შვებულება;
  • ხანგრძლივი სასამართლო დავები.

შეხვედრას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ აბუთიძე უძღვებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში არგუმენტირებული მსჯელობის შედეგად იდენტიფიცირდა ბიზნესის ოპერირებისთვის ხელისშემშლელი გავლენის მქონე საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც კერძო სექტორისგან მოითხოვს დამატებით ფინანსურ რესურსს, ასევე ხელისშემშლელია არა მხოლოდ ახალი კადრების აყვანისთვის, არამედ კომპანიებს აყენებს სამუშაო ძალის შემცირების წინაშე. ასევე, გამკაცრებული რეგულაციები ართულებს ბიზნესის წამოწყებას ქვეყანაში, რაც თავის მხრივ ინვესტიციების შემოდინებას შეუშლის ხელს.

 „შეხვედრაზე ასოციაციის მხრიდან კომიტეტს წარმომადგენლებს წარვუდგინეთ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და შევთავაზეთ ალტერნატივები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს, თუმცა უფრო მოქნილია ბიზნესის ოპერირებისთვის, ვიდრე საქართველოში დღეს არსებული პრაქტიკა. ასევე, მოვისმინეთ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში არსებული გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ახალი შრომის კოდექსის აღსრულებასთან. საბოლოოდ მივედით გარკვეულ გადაწყვეტილებებამდე, რომელთა შესახებ მსჯელობას ბიზნეს გაერთიანებებთან შეხვედრაზე განვაგრძობთ და შევიმუშავებთ საკანონმდებლო ინიციატივებს,“ – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ აბუთიძე.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებს წარუდგენს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრებს, ადგილობრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებს და მსვლელობას მისცემს საკანონმდებლო ინიციატივების პრაქტიკაში გატარების პროცესს.