Home » სიახლეები » დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს და საპენსიო სააგენტოს შორის შეხვედრა გაიმართა

დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს და საპენსიო სააგენტოს შორის შეხვედრა გაიმართა

ბიზნეს სექტორი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ და უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა საპენსიო სააგენტოს სამუშაო პროცესების
გაცნობას ისახავდა მიზნად.


კერძო სექტორს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ გააცნო ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებების, საპენსიო სააგენტოს მიერ დაგეგმილი სიახლეების, უახლესი სტატისტიკისა და მიმდინარე პროცესებში ბიზნესის როლის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ წარადგინა პრეზენტაცია საინვესტიციო მანდატზე, მოთხოვნებზე, საქმიანობაზე, განხორციელებულ ინვესტიციებზე და ამ მიმართულებით არსებულ სამომავლო გეგმებზე.


ასევე, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს მიერ დანერგილი ISO 27001 საერთაშორისო სტანდარტის შესახებ, რომელიც მოიცავს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მექანიზმებს, ასევე ისაუბრეს არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან
დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საპენსიო სააგენტოში მიმდინარე პროცესები საყოველთაოდ აღიარებული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად მიმდინარეობს.


შეხვედრის დასასრულს, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სააგენტოს წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში ესაუბრათ. საპენსიო სააგენტოსთან შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრების ციკლის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს კერძო და საჯარო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას.