2009 წლის 12 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეიქმნა სოციალური დიალოგის სამმხრივი კომისია. ხოლო 2010 წლის მარტში დამტკიცდა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შემადგენლობა, რომელშიც შედიან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის , საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.
საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, რომ სოციალური დიალოგი და ტრიპარტიზმი, რაც გულისხმობს სამმხრივ თანამშრომლობას, წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის ძლიერ ინსტრუმენტს და არის ღირსეული შრომის, ინკლუზიური განვითარების, სოციალური ერთიანობისა და მშვიდობის დამკვიდრების გარანტი.
სამმხრივი სოციალური დიალოგი ერთად კრებს მთავრობას, დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს, რათა განიხილონ საჯარო პოლიტიკის საკითხები, კანონები და მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ სოციალურ პარტნიორებზე.
სამმხრივ კონსულტაციებს შეუძლიათ უზრუნველყონ სამმხრივ პარტნიორებს შორის გაუმჯობესებული თანამშრომლობა და კონსენსუსი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. სოციალური დიალოგი ღირსეული სამუშაოს, ინკლუზიური განვითარებისა და სოციალური ერთიანობის მისაღწევი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომელიც ასევე ხელს უწყობს კარგი მმართველობის ჩამოყალიბებას.