დამსაქმებელთა ასოციაციამ ბიზნეს სექტორს შრომის უსაფრთხოების სერვისების განახლებული პაკეტი შესთავაზა
2019-02-06
დასრულებული
მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“. კანონი პირველ ეტაპზე (არაუგვიანეს 2019 წლის 1 სექტემბრამდე) ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე (აღნიშნული ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ).
კანონის საფუძველზე შრომის ინსპექტორებს უფლება აქვთ კომპანიის წინასწარი გაფრთხილებისა და სასამართლო ნებართვის გარეშე განახორციელონ ინსპექტირება კომპანიაში დასაქმებულთა შრომის არსებული პირობების შესაბამისობაზე საკანონმდებლო მოთხოვნებთან.
საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, დამსაქმებელთა და დასაქმებულთათვის - ორივე მხარისათვის აწესებს შესაბამისად ვალდებულებებს, მათ შორის:
- უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა დამსაქმებელთა, დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირებისათვის.
- დასაქმებულთათვის უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
- სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პირობების ორგანიზებისა და მართვის გაუმჯობესება საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების მართვის საფუძველზე;
- შრომის უსაფრთხოების პრევენციული პოლიტიკის შემუშავება და შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სერტიფიცირებული სპეციალისტის არსებობა სათანადო კომპეტენციების აღჭურვით;
- შრომის უსაფრთხოების სისტემის ეფექტურად ფუნქციონირების მიზნით, კომპანიისა და თანამშრომლების შრომის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობებით უზრუნველყოფა და უსაფრთხოების სისტემის პროცედურების შემუშავება/დანერგვა;
- დამსაქმებლის ხარჯით, მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულების უბედური შემთხვევის დაზღვევის უზრუნველყოფა;
კანონის მიხედვით განისაზღვრა ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი დარღვევების არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამოებები. აღნიშნული სახის შეუსაბამობებზე დადგენილია შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები:
- გაფრთხილება;
- ჯარიმა არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობით;
- სამუშაო პროცესის შეჩერება.
კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) პარტნიორი ბიზნეს გაერთიანება, კომპანიებს სთავაზობს კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით შემდეგი სახის მომსახურებას:
- უფასო კონსულტაციებს შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიმართულებით;
- დამსაქმებელთა ასოციაციაში მოქმედ „შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფში“ ჩართულობის შესაძლებლობას.
- კომპანიაში შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სპეციალისტის სისტემურ კონსულტაციებს;
- კომპანიაში შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების აუდიტს;
- სახანძრო უსაფრთხოების სისტემების შემუშავებასა და აუდიტს;
- ტრენინგებს (მოკლევადიანი და გრძელვადიანი) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამული მოდულებით შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების).